Tuesday, December 2, 2014

ოკეანის წყალქვეშა სპირალური ქალაქი

Ocean Spiral underwater city designed to harness deep sea potential
2 დეკემბერი
მსოფლიოს მოსახლეობის განუხრელი ზრდა, ურბანისტებს და არქიტექტორებს უჩვეულო გადაწყვეტებისკენ უბიძგებს. სულ უფრო იზრდება ცათამბჯენების სიმაღლე და იმ ქალაქების რიცხვი, რომელთა სახეც მრავალსართულიანი შენობებია. მთავარი მიზანი, მიწის ფართობის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისებაა. იაპონურმა კომპანია „შიმიძუმ“ ახალი პროექტი, „ოკეანის სპირალი“ გამოაქვეყნა, რომელიც უკეანის სიღრმეში სპირალური ქალაქის ტიპის შენობის აგებას ითვალისწინებს, რომელიც ოკეანისვე მდიდარ რესურსებს გამოიყენებს.

„შიმიძუსთვის“ ეს პირველი პროექტი არაა ფანტასტიკის სფეროდან - იაპონურმა კომპანიამ ადრე კიდევ უფრო საოცარი პროექტი შეიმუშავა, რომელიც მთვარის ეკვატორის გასწვრივ, მზის ელემენტების სარტყელის აშენებას ითვალისწინებს, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიაც შემდგომში ჩვენს პლანეტაზე უკაბელო სისტემით გადაიცემა. ამავე კომპანიის სხვა პროექტი, წყნარ ოკეანეში მოტივტივე ქალაქის აგებას ითვალისწინებს, რომელიც ენერგო თვითკმარი უნდა იყოს და ატმოსფეროს ნახირორჟანგისგან გაწმენდასაც შეძლებს.
„შიმიძუს“ განმარტებით, „ოკეანის სპირალის“ კონცეპციის საფუძველია ზღვის სიღრმის უზარმაზარი რესურსები და ციკლები, რომლებიც ჰაერს, ზღვის ზედაპირსა და ზღვის ფსკერს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიამ ზღვისქვეშა ქალაქის პროექტის შემუშავების ხუთი ძირითადი მიზეზი დაასახელა. იქ არსებობს ზღვის პროდუქტების მოპოვების, მტკნარი წყლის წარმოების, ენერგიის გამომუშავების, ნახშირორჟანგის გადამუშავების და ოკეანის ფსკერიდან რესურსების მოპოვების პოტენციალი.
„ოკეანის სპირალის“ ძირითად სტრუქტურას სფეროს ფორმა აქვს, რომელსაც „ლურჯი ბაღი“ ეწოდება. ის ძირითადად წყლის ზედაპირის ქვეშ ტივტივებს. სფეროს ზედა ნაწილს კი თავი აქვს ამოყოფილი. სფეროს შიგნით 75 სართული განლაგდება, რომლებშიც დასასვენებელი ადგილები, საცხოვრებლები, კომერციული და სხვა დანიშნულების დაწესებულებები მოთავსდება. პროექტის მიხედვით, „ლურჯ ბაღში“ 4-5 ათასი მუდმივი მაცხოვრებელი და 1000 სტუმარი დაეტევა.
„ოკეანის სპირალსა“ და „ლურჯ ბაღში“ შეღწევა შესაძლებელი იქნება სფეროს იმ ნაწილიდან, რომელიც წყლის ზედაპირზე იქნება ამოსული. „ლურჯ ბაღში“ ასევე მოთავსდება ატრიუმი, სასტუმროები, დასათვალიერებელი გონდოლა, ზღვის პარკი, ასევე დასასვენებელი და სავაჭრო სათავსები. ავტომატურ რეჟიმში გაკონტროლდება შიდა სივრცის ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ჟანგბადის შემცველობა.

„ლურჯი ბაღის“ ქვემოთ მოთავსდება სპირალური სტრუქტურა, რომლის სიგრძეც 3-4 კილომეტრი იქნება და მისი მეშვეობით, სფერო ფსკერზე მოთავსებულ „მიწის ფაბრიკას“ დაუკავშირდება. წყალქვეშა ქალაქი საჭირო ენერგიას სწორედ ამ „ფაბრიკის“ დახმარებით, ოკეანის თერმული ენერგიის გადამუშავებით მიიღებს. იქვე განლაგდება ზღვის პროდუქტების გადამუშავების და წყლის გამტკნარების დანადგარები. ქალაქის ამავე ნაწილს ექნება წყალქვეშა ნავების მისადგომი.
„მიწის ფაბრიკა“ სხვა მსგავს სტრუქტურებს სატრანსპორტო გვირაბებით დაუკავშირდება. მათსავე შიგნით განლაგდება დანადგარები, რომლებიც ნახშირორჟანგს გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტებს შეინახავს. იქვე მოხდება სხვადასხვა სპეციფიკური დანიშნულების რესურსების გადამუშავება.

„ოკეანის სპირალის“ მთავარი სტრუქტურა „ლურჯი ბაღია“, რომლის გარე სტრუქტურამაც უნდა გაუძლოს წყლის წნევას. გარდა ამისა, მის სიმტკიცეს უზრუნველყოფს ცენტრალური კოშკი, რომელიც სფეროს დიამეტრის გასწვრივ, სიმაღლეში მიუყვება და მის მზიდ სვეტს წარმოადგენს. ის პოლიეთერული ბეტონის გამოყენებით აიგება. იგივე მასალას სფეროს ჩარჩოსთვისაც გამოიყენებენ. ჩარჩოზე აკრილის 50-მეტრიანი სამკუთხა ფარები განლაგდება, რომლებიც ნახევრად გამჭვირვალე შუშის ბოჭკოვანი სტრუქტურებით გამაგრდება.
პროექტი სფეროს სტრუქტურის აგებას ოკეანის ზედაპირზე ითვალისწინებს. „შიმიძუ“ აცხადებს, რომ სტრუქტურის აგების პროცესი და გამოყენებული მასალები, დროთა განმავლობაში, პროექტის განხორციელების დაწყებამდე დაიხვეწება. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება 3.0 ტრილიონი იენია (25.5 მილიარდი დოლარი), მის განხორციელებას კი 15 წელი დასჭირდება.

No comments:

Post a Comment