Monday, December 8, 2014

მსოფლიოში უდიდესი კონტეინერმზიდი

World's largest capacity container ship embarks on maiden voyage
8 დეკემბერი
მსოფლიოში უდიდესი ტევადობის კონტეინერმზიდის ექსპლუატაციას შეუდგა ჩინური კომპანია CSCL-ი (ჩაინ შიპინგ კონტეინერ ლაინს). ხომალდ, სახელად „გლოუბ“, სიგრძეში 400 მეტრია და ერთი მეტრით სჯობს „მიოლერ-მაერსკის“ 3E-ს, რომელიც აქამდე ფლობდა უდიდესი კონტეინერმზიდის წოდებას. ახალი გიგანტის სიგანე 58.6 მეტრია. ანუ, მის გემბანზე თავისუფლად მოთავსდება სტანდარტული ზომის ოთხი საფეხბურთო მოედანი.
ახალი კონტეინერმზიდი, ჩინური გადამზიდი კომპანიის შეკვეთით, კორეულმა „ჰიუნდაი ჰევი ინდასტრიზმა“ ააგო. მის გარდა, შანჰაიში ბაზირებულ კომპანიასთან შარშან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, „ჰიუნდაი ჰევი ინდასტრიზი“ კიდევ ოთხ ანალოგიური გაბარიტების გემს ააგებს. თითოეულ გემს 19 100 სტანდარტული (ოცფუტიანი, ანუ 6.1 მეტრის სიგრძის) კონტეინერის გადატანა შეუძლია. ეს კი ნახსენები უახლოესი კონკურენტის ტვირთამწეობაზე 830 კონტეინერით მეტია.
ახალი გიგანტური კონტეინერმზიდის წყალწყვა 186 000 ტონაა და ამ მხრივ, მასზე დიდი „ვეილმაქსის“ ტიპის მშრალი ტანკერებია, რომელთა წყალწყვაც 200 000 ტონას (ამ სუპერგიგანტებს 400 000 ტონამდე მადნის გადატანა შეუძლია) აღწევს. „CSCL გლოუბის“ ძრავის სიმძლავრე 77 200 ცხენის ძალას აღწევს და თითოეულ კონტეინერზე გადათვლით, ის გაცილებით მცირე, 10 000 კონტეინერის ტევადობის მქონე გემებზე დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.
სუპერ გიგანტური კონტეინერმზიდების შეკვეთისკენ ჩინურ კომპანიას დანიური „მაერსკ ლაინის“ მაგალითმა უბიძგა, რომელმაც 3E-ს წყალობით, წლის პირველ ნახევარში მოგება 1.0 მილიარდი დოლარით გაზარდა. ამ დარგის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უახლესი, საწვავის ნაკლები ხარჯის მქონე გემების გარეშე, გადამზიდავ კომპანიებს მოგებაზე მუშაობის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.
ცნობისათვის, გაბარიტების მხრივ, მსოფლიოს უდიდესი გემის წოდებას მალე თხევადი გაზის საცავი „პრელუდი“ გადაიბარებს, რომელსაც სამხრეთ კორეაში, „შელისთვის“ ამზადებენ. გემის სიგრძე 488 მეტრი იქნება, სიგანე კი - 74 მეტრი. ამ კოლოსის საცავებში 430 მილიონი ტონა თხევადი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. ის ექსპლუატაციაში 2017 წლამდე უნდა შევიდეს.

No comments:

Post a Comment