Thursday, January 2, 2014

„რობონავტ 2-ს“ ფეხებიც ექნება


NASA gives Robonaut 2 legs
2 იანვარი
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) თავის რობოტ „რობონავტის“ მეორე ვერსიისთვის ქვედა კიდურები შეიმუშავა, რომლითაც აპარატს იანვარში აღჭურვავს. ოღონდ „რობონავტი“ მათ სასიარულოდ ვერ გამოიყენებს - კოსმოსურ სადგურზე მუშაობისას ეს არ სჭირდება. სამაგიეროდ, მათი მეშვეობით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ ყოფნისას, გარე სტრუქტურაზე დამაგრებას შეძლებს. პირველ ორ რობოტს მხოლოდ წელსზევით ტანი, ორი ხელი და თავი აქვს, რაც საკმარისი იყო გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად, თუმცა მასზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას აშკარა გახდა, რომ „რობონავტს“ ქვედა კიდურებიც ესაჭიროება.
„რობონავტი“ ღია კოსმოსში სამუშაოდაა შექმნილი, სადაც მაღალი გამოსხივებისგან დასაცავად, ასტრონავტებს დამცავი სკაფანდრებით უწევთ გასვლა, რაც მათს ქმედუნარიანობას ამცირებს. ამასთან, კოსმოსში უწონადობაა, რის გამოც, იქ სიარული შეუძლებელია. ამიტომ, მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ „რობონავტს“ ტიპიური ფეხები არ დასჭირდება. თუმცა, მიღებულმა გამოცდილებამ გამოავლინა, რომ ასე არაა და რობოტს ქვედა ორი კიდურიც გამოადგება. ოღონდ, არა სასიარულოდ.
„რობონავტის“ ქვედა კიდურები NASA-ს პროგრამა „ჰუმან იქსპლორეიშნ ენდ ოპერეიშნს ენდ სპეის ტექნოლოჯის“ (ადამიანის კვლევის და ოპერაციების და კოსმოსური ტექნოლოგიების) ფარგლებში შეიმუშავეს. თითოეული კიდური შვიდ სახსარს შეიცავს და როცა ისინი სრულადაა გაშლილი, თითოეულის სიგრძე 3 მეტრს აღწევს. ორივე კიდურის ბოლოს დამჭერები და თითო ვიდეოროკამერაა მოთავსებული. დამჭერების მეშვეობით, რობოტი სამუშაო ადგილზე „მაგრდება“, კამერა კი იმისთვისაა, რომ ოპერატორმა დამჭერების კონტროლი შეძლოს. ისე კი, ორივე კიდურს ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია, რაც „რობონავტს“ ღია კოსმოსში, სადგურის სტრუქტურაზე გადაადგილების საშუალებას აძლევს.
„რობონავტ 2“ არის NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის „დექსტროუს რობოტიქს ლაბორატორის“ (მოხერხებული რობოტების ლაბორატორია) პროექტი, რომლის მთავარი იდეა ისაა, რომ შეიქმნას ჰუმანოიდური რობოტი, რომელიც საკმაოდ მოხერხებული იქნება და მუშაობისას სტანდარტული ხელსაწყოების გამოყენებას შეძლებს. „რობონავტს“ დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლია, მაგრამ ძირითადად ოპერატორის დახმარებით მოქმედებს.
აქამდე „რობონავტ 2“ მხოლოდ ნახევრად რობოტი იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ის თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ექსპერიმენტული პროტოტიპი. მაგრამ ექსპერიმენტებისას რობოტმა იმდენად კარგად კარგად იმუშავა, რომ პროექტის ავტორებმა მისი მოდერნიზება, კოსმოსურ სადგურზე მივლინება და იქ რეალურ პირობებში გამოცდა გადაწყვიტეს. ექსპერიმენტების დროს, მას სპეციალურ საყრდენზე ამაგრებდნენ.
ამ ეტაპზე, „რობონავტ 2-ის“ ძირითადი ფუნქცია კოსმოსური სადგურის მტვერსასრუტით დასუფთავება და სავენტილაციო ფილტრების წმენდაა. ამგვარად, სადგურის პერსონლი ამ საქმეზე აღარ მოცდება და უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედავს. თუმცა, სადგურის შიგნით მას ქვედა კიდურები არ დასჭირდება. მათ ღია კოსმოსში სამუშაოდ გამოიყენებს.
საინტერესოა, რომ NASA-ს უკვე შემუშავებული აქვს მეხუთე თაობის „რობონავტი“, რომელიც კოსმოსში სამუშაოდ არაა შექმნილი. მისი დანიშნულება, სტიქიური უბედურების ზონებში მუშაობაა, იქ სადაც ადამიანის ყოფნა საშიშია.

No comments:

Post a Comment