Monday, January 6, 2014

3D პრინტერმა საკუთარი თავის ბეჭდვა ისწავლა (ვიდეო)

BI V2.0: The self-replicating 3D printer
5 იანვარი
სამგანზომილებიან პრინტერებს დიდი მომავალი აქვს - მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთის სახლშივე დამზადება, თვით შენობების ბეჭდვაც კი. მაგრამ როგორც ირკვევა, საჭიროების შემთხვევაში, ისინი საკუთარი დეტალების დამზადებასაც შეძლებენ. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი კანადურმა კომპანია „ბუტს ინდასტრიზმა“ გადადგა, რომელმც 2012 წელს დაარსდა და მალევე დანადგარი BI V2.0 შეიმუშავა. ამ პრინტერის თავისებურება ისაა, რომ საკუთარი კომპონენტების ბეჭდვა შეუძლია.
კომპანიის დამაარსებლები არიან ახალგაზრდა ინჟინრები, ჟან ლე ბუტილიე და ფრანსუა კრეტე. მათმა კომპანიამ მალევე დაიწყო განსხვავებული კონსტრუქციის პრინტერების წარმოება, ახლახანს კი ექსპერიმენტული BI V2.0 შეიმუშავა. ეს არის ღია ტიპის დანადგარი, რომელსაც უმაღლესი სიზუსტით, სხვადასხვა ტიპის საგნების დამზადება შეუძლია. მისი მთავარი კვანძია სამგანზომილებიანი დელტას სტილის პრინტერი, რომელიც დელტა რობოტების ბაზაზეა შექმნილი, როგორებსაც ფართოდ იყენებდნენ 1980-იან წლებში.
პრინტერის ჩარჩო სამკუთხაა. მის ყოველ კუთხეში, კიდურია განლაგებული, რომლებიც ცენტრში, საყრდენ დაფა-მაგიდის ზედაპირზე იყრიან თავს. ეს არის ადგილი, სადაც დეტალების დამზადება ხდება. კიდურების მოძრაობას მცირე ზომის ელექტრო ძრავები უზრუნველყოფს, რომლებიც კიდურებთან კავშირს წვრილი ღვედებით ამყარებენ. მათი დახმარებით, კიდურებს ვერტიკალურ ღერძზე გადაადგილება შეუძლია, რაც მათ მაღალი დეტალების დამზადების საშუალებას აძლევს. სივრცეში მოხერხებულად მოძრაობის წყალობით, დანადგარს ჩარჩოს შიდა სივრცის მოცულობის საგნების დაბეჭდვა შეუძლია.
დანადგარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია 0.4-მილიმეტრიანი გამფრქვევი (დანადგარ Jhead-ს მოდიფიცირებული ვარიანტი), რომელიც 250 გრადუსამდე გახურებულ პლასტიკს გააფრქვევს. პლასტიკი 1.7-მილიმეტრიანი გრანულების სახით, გამაცხელებელ კამერას მიეწოდება, საიდანაც წნევით გამფრქვევში გადადის. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ პროტოტიპის მოდიფიკაციის შემდეგ, ის გაცილებით სწრაფად იმუშავებს და მასში გაცხელებული პლასტიკის გაჭედვის ალბათობაც პრაქტიკულად ნულის ტოლია.
დანადგარს სპეციალური მინი LCD მონიტორი აქვს, რომლის დახმარებითაც, ოპერატორს სამუშაო რეჟიმის შერჩევა შეუძლია. აქედანვე პრინტერის სიჩქარის და გამაცხელებლის ტემპერატურის შერჩევა შეიძლება. დასაბეჭდი საგნის პარამეტრების მიწოდება ხდება 4-გიგაბაიტიანი პლასტიკური ბარათით, რომელიც პრინტერის ეკიპირებაში შედის. გამაცხელებელი პრინტერის „მაგიდის“ ქვეშ მდებარეობს, რაც მის ზედაპირზე დამზადებული საგნის მიკრობას გამორიცხავს. გამფრქვევის სამაგრზე მოთავსებულია შუქდიოდური ელემენტებისგან შემდგარი რგოლი, რომელიც მუშაობის პროცესში, სამუშაო სივრცის უჩრდილო გაშუქებას უზრუნველყოფს.
BI V2.0-ს საკუთარი მექანიკური კვანძის დეტალების დამზადება შეუძლია, რომლებსაც მარტივი ფორმა აქვს. მასალა რა თქმა უნდა, პლასტიკია, რომლისგანაც კანადურმა კომპანიამ პროტოტიპი დაამზადა. რა თქმა უნდა, დაბეჭდვის შემდეგ, ამ დეტალების აწყობა იქნება საჭირო, რასაც პრინტერი თავად ვერ შეძლებს.
„ბუტს ინდასტრიზი“ აცხადებს, რომ BI V2.0-ზე მუშაობა დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ მომართვის სამუშაოები, რისთვისაც კომპანიას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. თუ პარტნიორის მონახვას შეძლებს, მაშინ პრინტერი ბაზარზე გამოვა და პარტნიორ(ებ)ისთვის ის $685 ეღირება. საცალო ფასი კი $799 იქნება.

ვიდეო

No comments:

Post a Comment