Thursday, December 5, 2013

„ბიონიკური ადამიანი“ დადის, სუნთქავს და...


'Bionic man' walks, breathes with artificial parts
1 დეკემბერი
ეს უკვე რეალობაა - სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პერსონაჟი (კიბორგი, ტერმინატორი და მისთანები), უფრო სწორედ, პერსონაჟების ერთგვარი ერთობლიობა, სახელად „ბიონიკური ადამიანი“, უკვე არსებობს. ინჟინრებმა შეიმუშავეს რობოტი, რომელსაც ხელოვნური ორგანოები, კიდურები და სხეულის სხვა ნაწილები აქვს და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ „ბიონიკური ადამიანი“ ეწოდოს.
ოღონდ, ამერიკულ ტელესერიალ „ექვსმილიონ დოლარიანი ადამიანის“ მთავარ გმირ, ასტრონავტ სტივ ოსტინისგან განსხვავებით, რომელიც მძიმე ავარიის შემდეგ, ხელოვნური ნაწილებით თავიდან „ააწყვეს“, ამჯერად ნამდვილ „ბიონიკურ ადამიანთან“ გვაქვს საქმე.
სამეცნიერო ტელეარხ „სმიტსონიანზე“ გავიდა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „საოცარი ბიონიკური ადამიანი“, რომლის დროსაც, ინჟინრები აწყობენ მოქმედ სხეულს, რომელსაც ხელოვნური ორგანოები და ნაწილები აქვს. მათ შორის, სრული ფუნქციის მქონე თირკმელი და თვალის ბადურა, ასევე სისხლის მიმოქცევის სისტემა.
ხელოვნური ადამიანის ასაწყობად გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის 17 კომპანიის მიერ დამზადებული ნაწილები. კომპანია „შედოუ რობოტის“ მმართველ დირექტორ რიჩარდ უოკერის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი ერთ, მოქმედ ხელოვნურ სხეულზე ააწყვეს. ჩვენი ფილმი მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ გიჩვენოთ, თუ რამდენად წინაა წასული სამედიცინო მეცნიერება“, - ამბობს უოკერი.
უოკერი ამბობს, რომ რობოტს ადამიანის ფუნქციის 60-70 პროცენტი გააჩნია. მისი სიმაღლე 198 სანტიმეტრია. რობოტს სიარული, ჯდომა, დგომა შეუძლია. ამაში მას მოსიარულე მანქანს „რექსი“ ეხმარება, რომელსაც ის ადამიანები იყენებენ, ვისაც ხერხემლის ტრავმის გამო, სიარული არ შეუძლია. რობოტს აქვს გული, რომელიც ელექტრონული ტუმბოს მეშვეობით მუშაობს. ხელოვნური გულის მეშვეობით, რობოტის ორგანიზმში ხელოვნური სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფა ხდება. ამ სისხლის დანიშნულება, ისევე როგორც ადამიანში, ჟანგბადის ტრანსპორტირებაა. ხელოვნურ თირკმელად გამოყენებულია ხელოვნური ორგანო, რომელიც მომავალში დიალიზს შეცვლის.
თუმცა, რობოტში გამოყენებული ბევრი ხელოვნური ორგანო ჯერ არაა იმდენად დახვეწილი, რომ მათ ადამიანის სამკურნალოდ იყენებდნენ. მაგალითად, თირკმელი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია. ამასთან, რობოტს ჯერაც არაერთი ორგანო აკლია. მაგალითად, არ გააჩნია საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ღვიძლი და რა თქმა უნდა, ტვინი.
ბიონიკური ადამიანის პროტოტიპად გამოყენებულია, ცუირიხის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგის, 36 წლის ბერთოლდ მეიერი (ფოტოზე, ბიონიკურ ადამიანთან ერთად), რომელსაც დაბადებისთანავე აკლდა მარცხენა ხელის მტევანი. ის ბიონიკურ პროთეზს ატარებს, როგორიც ასევე ბიონიკურ ადამიანზეც დააყენეს. ინჟინრებმა რობოტს სახეც მეიერისა გაუკეთეს, რისთვისაც სამგანზომილებიანი პრინტერი გამოიყენეს.
„ჩვენ გვინდოდა იმის დემონსტრირება, რომ ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია ესთეტიკური პროთეზის დამზადება ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც სახის რომელიმე ნაწილი, მაგალითად ცხვირი აქვთ დაკარგული“, - ამბობს მეიერი და დასძენს, რომ როცა ბიონიკური ადამიანი პირველად იხილა, შეშინდა კიდეც, რადგან რობოტს მისი სახე ჰქონდა.
„თავიდან ეს ყველაფერი არ მომეწონა. შოკში ჩავვარდი, როცა მასზე ის სახე დავინახე, რომელსაც ჩვეულებრივ, სარკეში ვხედავ ხოლმე. მანქანას ხომ საერთო ჯამში შემზარავი შესახედაობა აქვს“, - იხსენებს მეიერი. მაგრამ შემდეგ ის რობოტს შეეგუა, რომელიც ჰეროდსში შეძენილი ტანსაცმლით შემოსეს.
რაც შეეხება რობოტის ფასს, ის გაცილებით ნაკლებია ზემოთ ნახსენებ ექვს მილიონზე. იმ ორგანოების და ნაწილების საერთო ღირებულება, რომლებითაც „ბიონიკური ადამიანია“ აწყობილი, მილიონ დოლარს აღწევს.

No comments:

Post a Comment