Saturday, June 8, 2013

საჰაერო გამშვები სისტემა რეალობას უახლოვდება

Stratolaunch air launch system for spacecraft comes closer to reality
8 ივნისი
ამერიკული კომპანია „სტრატოლონჩ სისტემზი“ მუშაობს სრულიად ახალი ტიპის, საჰაერო გამშვები სისტემის შექმნაზე, რომელიც მომავალში პილოტირებადი და უპილოტო კოსმოსური ხომალდების გაშვებას შეძლებს. სისტემის მთავარი ნაწილი თვითმფრინავი უნდა იყოს, რომელიც საპროექტო მონაცემებით, მსოფლიოს უდიდესი საფრენი აპარატი გახდება. რა თქმა უნდა, ასეთ გრანდიოზულ პროექტს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ახლახანს „სტრატოლონჩ სისტემზმა“ გამოაცხადა, რომ რამდენიმე ტექნიკური წინააღმდეგობა დაძლეულია, რაც პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.

კოსმოსური ხომალდი 222 260-კილოგრამიანი, მრავალსაფეხურიანი ამაჩქარებელი რაკეტის წინა ნაწილში მოთავსდება. თავის მხრივ, რაკეტა ორფიუზელაჟიანი მზიდ თვითმფრინავის შუა ნაწილში არსებულ კილებზე დამაგრდება. თვითმფრინავის ფრთების გაშლა 116 მეტრი იქნება, მისი წონა 544 311 კილოგრამს მიაღწევს. თვითმფრინავი „ბოინგ 747-ის“ ექვსი ძრავით აღიჭურვება.
ასეთი გიგანტური თვითმფრინავის ასაფრენად და დასაშვებად, სპეციალური აეროპორტ/კოსმოპორტიდან უნდა მოხდეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სიგრძისა უნდა იყოს ასაფრენი ზოლი. აქედან მზიდი თვითმფრინავი, მასზე დამაგრებული რაკეტითურთ, სტრატოსფეროსკენ აიღებს გეზს და თავის ტვირთს - რაკეტას იქ ჩამოაგდებს. თავისუფალი ვარდნის დაწყებისთანავე, რაკეტა ძრავებს ჩართავს და კოსმოსისკენ აიღებს გეზს, მზიდი თვითმფრინავი კი ბაზას დაუბრუნდება.

„სტრატოლონჩ სისტემზმა“ მარტში გამოაცხადა, რომ უკვე დასრულდა 9 593 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ანგარის მშენებლობა, სადაც მზიდ თვითმფრინავს ააგებენ. ანგარი მოხავეს უდაბნოში არსებული, მოხავეს აერო/კოსმოსური სადგურის სიახლოვეს აშენდა. აქვე მდებარეობს „სტრატოლონჩ სისტემზის“ კიდევ ერთი, 8 175 კვადრატული მეტი ფართის ანგარი, სადაც მზიდი თვითმფრინავის ფრთებს და ფიუზელაჟებს ააგებენ.
ახლახანს, „სტრატოლონჩ სისტემზმა“ პარტნიორული კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ორბიტალ საიენს კორპორეიშნთან“, რომელიც შეიმუშავებს და ააგებს ამაჩქარებელ რაკეტას და მის ოპერირებასაც გააკონტროლებს. ეს კომპანია კოსმოსურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია - კომპანია „პეგასუსთან“ ერთად, სწორედ მან ააგო მზიდი რაკეტა „ანტარესი“, რომელმაც პირველი ფრენა აპრილში შეასრულა. ამ რაკეტის თავისებურება ისაა, რომ მისი გაშვება ჰაერიდანაც შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ „სტრატოლონჩ სისტემზი“ ქველმოქმედ მილიარდერ პოლ ალენისა და აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტ ბარტ რუტანის ერთობლივი კომპანიაა. სწორედ რუტანის კომპანია „სქელდ კომპოზიტსი“ ააგებს მზიდ თვითმფრინავს, რომლის აგებულებაც ძლიერ ჰგავს მის მიერვე შექმნილ, გაცილებით მცირე ზომის და იგივე დანიშნულების „სპეისშიპ ვან-ს“. როგორც რუტანი ირწმუნება, გიგანტური მზიდი თვითმფრინავი პირველ სატესტო ფრენას 2016 წელს შეასრულებს.

No comments:

Post a Comment