Saturday, June 1, 2013

„ანარა ტაუერი“ - ცათამბჯენი, რომელიც მიწას არ ასცდენია

ANARA TOWER: Dubai's Titanic Turbine-Shaped Superstructure
1 ივნისი
ეს ცათამბჯენი, სახელად  „ანარა ტაუერი“, რომლის პროექტიც სპეციალურად დუბაისთვის, ბრიტანულმა კომპანია „ეტკინს დიზაინ სტუდიომ“ შეიმუშავა, სამწუხაროდ გაჩერებულია. ის 2009 წელს გააჩერეს, როდესაც მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. მართალია, ეს შენობა მსოფლიოს უმაღლეს ბურჟ ხალიფას სიმაღლეში გვარიანად (150 მეტრზე მეტით) ჩამორჩებოდა, მაგრამ თავისი ორიგინალური ფორმით და შინაარსით, ქალაქის და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა უნდა გამხდარიყო. ჩვენც „ანარა ტაუერს“ სწორედ მისი ორიგინალობის გამო გაგაცნობთ.
პირველი, რასაც ალბათ ამ ფოტოების ხილვისას ყურადღება მიაქციეთ, ცათამბჯენის ზედა ნაწილია. ის ქარის ტურბინას ჰგავს, მაგრამ ასე სულაც არაა. რა თქმა უნდა, დიდ სიმაღლეზე - „ანარა ტაუერის“ სიმაღლე დაახლოებით 650 მეტრი უნდა ყოფილიყო, ქარის ტურბინა ძალიან ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ძლიერ ვიბრაციას და ხმაურს გამოიწვევდა, რაც მიუღებელია. თუმცა, პროექტის ავტორებს, ქარის ტურბინის გამოყენება ჩანაფიქრადაც არ ჰქონიათ.
მათ ცათამბჯენის ეს სეგმენტი, რესტორნისთვის და სხვა გასართობი დაწესებულებებისთვის გამოყვეს, საიდანაც დუბაიზე პანორამული ხედი იშლება. სეგმენტი სამ მხარს ეყრდნობა, რომლებიც ქარის ტურბინის ფრთებს მოგაგონებთ. ისე კი, ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების გარეშე, არც ეს პროექტი იყო ჩაფიქრებული. პროექტი ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების გამოყენებასაც ითვალისწინებდა.
„ანარა ტაუერზე“ 135 სართული იყო გათვალისწინებული. ყოველი 27 სართულის შემდეგ, შენობის გარე საყრდენ სვეტებს შორის, რამდენიმე სართულის სიმაღლის ხიდები გაიდებოდა, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებდნენ. მათზე განთავსდებოდა როგორც ბაღები, ასევე საცურაო აუზები და სხვა რეკრეაციული და გასართობი ზონები.
საერთოდ, შენობა მრავალმხრივი დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. მასში იქნებოდა საოფისე ფართები, ლუქს სასტუმრო 250 ნომრით, 300 აპარტამენტი, პენტჰაუზები, საგამოფენო და სხვა დანიშნულების დარბაზები. აქაური აპარტამენტები, დუბაიში ყველაზე ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო. ყოველ მათგანს საკუთარი საცურაო აუზი ექნებოდა და ინდივიდუალური ლიფტი მოემსახურებოდა.

„ეტკინსის“ დუბაის ოფისის დიზაინის დირექტორ შაუნ კილას თქმით, „ანარა ტაუერის“ აგებულება, მინარეთის ვერტიკალური ფორმის შთაგონებით შეიქმნა. საინტერესოა, რომ მიუხედავად მუსლიმანური მოტივებისა, ცათამბჯენის მშენებლობაზე, დუბაის გარდა სურვილი ლონდონმა და ჰონ კონგმაც გამოთქვეს. თუმცა, კონკურსზე საბოლოოდ დუბაის სამშენებლო და უძრავი ქონების ჰოლდინგმა „ტამირმა“ გაიმარჯვა.

No comments:

Post a Comment