Thursday, June 13, 2013

პროექტი „კლიპ-ეარ“ - მატარებლებით ჰაერში

Clip-Air project envisages modular aircraft you can board at a railway station
13 ივნისი
ლოზანას ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლაში შეიმუშავეს მომავლის სატვირთო/სამგზავრო თვითმფრინავის პროექტი, რომელსაც მატარებლის ვაგონების გადატანის უნარი ექნება. ამ პროექტზე, სახელწოდბით „კლიპ-ეარ“, ლოზანას პოლიტექნიკური სკოლა 2009 წლიდან მუშაობს და მათი შრომის პირველ შედეგს - თვითმფრინავის მასშტაბურ მოდელს, ისინი პარიზის ლე ბურჟეს ავიასალონზე (რომელიც 17 ივნისს დაიწყება) წარადგენენ.
თუ პროექტს როდესმე განხორციელება ეღირსა, მომავალში მგზავრებს იმის საშუალება ექნებათ, რომ საჰაერო ტრანსპორტით, ავიავაგზალზე მისვლის გარეშე იმგზავრონ. ამის საშუალებას მათ მოდულური თვითმფრინავი მისცემს, რომელიც ერთდროულად სამი, სპეციალურად შემუშავებული ვაგონის გადატანას შეძლებს. თითოეული ვაგონის სიგრძე 30 მეტრი იქნება, ყოველი მათგანის წონა 30 ტონას მიაღწევს და თითოეულში 150 მგზავრის კომფორტულად მოთავსება იქნება შესაძლებელი.
პროექტი „კლიპ-ეარ“, თვითმფრინავის სატვირთო ტრანსპორტად გამოყენებასაც ითვალისწინებს. ამის საშუალებას, მისი მოდულური აგებულება იძლევა. სამგზავრო ვაგონების ნაცვლად, მას სატვირთო შემადგენლობებს ჩაუბამენ. ამგვარად, საჭირო აღარ იქნება ტვირთების აეროპორტში მიტანა და იქ თვითმფრინავში ჩატვირთვა. ვაგონებს სარკინიგზო სადგურშივე დატვირთავენ, რის შემდეგაც, ვაგონები აეროპორტში გაიგზავნება და მზიდ თვითმფრინავზე დამაგრდება.
ფაქტობრივად, შემოთავაზებული თვითმფრინავი მშრალი ტანკერის, კონტეინერ მზიდის ფუნქციას შეასრულებს. პროექტის მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს ერთი დიდი ფრთის ფორმა, რომლის წინაც პილოტების კაბინა მოთავსდება. ფრთა ფაქტობრივად ორი ფრთის კომბინაცია იქნება, რომელთა შუა, ბრტყელი ნაწილიც, ასევე ამწევ ფუნქციას შეასრულებს. მათზე თითო შასის კვანძი და რეაქტიული ძრავი დამაგრდება. ფიუზელაჟს უკან ორი კილი ექნება, მათ შორის კი მესამე რეაქტიული ძრავი მოთავსდება.
მზიდი თვითმფრინავი იმითაცაა საინტერესო, რომ ის ერთდროულად, სამი სხვადასხვა ავიაკომპანიის ვაგონ-კონტეინერის გადატანას შეძლებს. კონტეინერთაგან ზოგი შეიძლება სამგზავრო იყოს, ზოგიც - სატვირთო. ასეთი სისტემა ძალიან მოსახერხებელი იქნება ტრანზიტული მგზავრობისას.
პროექტ „კლიპ-ეარს“ კონკრეტული მიზანიც გააჩნია. ის აერონავტიკის სფეროში, ევროპის კვლევითი და საკონსულტაციო საბჭოს შეკვეთით შემუშავდა და ამ შეკვეთის მთავარი ამოცანა, ჰაერში გამობოლქვილი ნახშირორჟანგის შემცირებაა. კერძოდ, ავიაგადაზიდვებისას გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა, 2020 წლისთვის 50 პროცენტით უნდა შემცირდეს.
პროექტი „კლიპ-ეარ“ ამ ამოცანის შესრულებას გააადვილებს. თავისი სამი ძრავით, ის ერთი რეისით იმდენივე მგზავრს გადაიყვანს, რამდენიც სამ „ერბას 320-ს“ გადაჰყავს, რომელთა ძრავების ჯამური რაოდენობა ექვსია. გარდა ამისა, პროექტი ბიოსაწვავის და თხევადი წყალბადის გამოყენებასაც ითვალისწინებს.

პირველადმა კვლევებმა ცხადყო, რომ პროექტს ტექნოლოგიურად პერსპექტივა გააჩნია. პირველ ეტაპზე, იგეგმება თვითმფრინავის კომპიუტერული და აეროდინამიკური მოდელირება, რისთვისაც 6-მეტრიანი მოდელი აიგება. სწორედ ამ კვლევების შემდეგ გაირკვევა, რამდენად განხორციელებადია მფრინავი მატარებლის პროექტი.

No comments:

Post a Comment