Thursday, December 4, 2014

ჩინეთში კილომეტრიანი წყვილი ცათამბჯენი აიგება

World's tallest pair of towers slated for Wuhan, China
4 დეკემბერი
ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში წყვილი ცათამბჯენის აგება იგეგმება, რომელთაგან ერთის სიმაღლე კილომეტრს მიაღწევს. პროექტი, სახელად „ფინიქს ტაუერს“, ბრიტანულმა კომპანია „ჩეტვუდს არქიტექტსმა“ შეიმუშავა და ის არაერთი უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებას ითვალისწინებს.
პროექტის ავტორებმა წყვილი ცათამბჯენის სახელის შერჩევისას, ჩინური მითოლოგია გამოიყენეს. ფენიქსი მითოლოგიური ჩიტია, რომელსაც ჩინურად „ფენჰუანი“ (Fenghuang) ჰქვია. იმავდროულად, ფენ (Feng) მამრობითს აღნიშნავს, ჰუანი (Huang) კი - მდედრობითს. შესაბამისად, პირველს უფრო მაღალ ცათამბჯენს დაარქმევენ, მეორეს კი - უფრო დაბალს. ჯამში კი მათი სახელი „ფენჰუანი“, ანუ „ფინქსი“ იქნება.
პროექტის შესაბამისად, უშუალოდ შენობების საძირკველი მიწაზე 7 ჰექტარ ფართობს დაიკავებს, კომპლექსისთვის კი 47 ჰექტარი მიწაა გათვალისწინებული. განსაკუთრებულ ყურადღებას პროექტის ეკოლოგიური მხარე იმსახურებს. ორივე შენობის ზედა ნაწილში სწორედ ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. მაგალითად, მოსაპირკეთებლად გამოიყენებენ მსუბუქი ფოტოელემენტებს, რომელიც იმავდროულად, ელექტრო ენერგიასაც გამოიმუშავებს. ასევე გამოიყენებენ მოსაპირკეთებელ მასალებს, რომლებიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს გამოჰყოფს და დაშლის. ორივე შენობის სტრუქტურაში ასევე შევა თერმული და ქარის ტურბინები, წყლის შეგროვების და გადამუშავების სისტემები, ნარჩენების გადამუშავების სისტემები და წყალბადის ფიჭური ელემენტები.
პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ჩამოთვლილი სისტემების დახმარებით, ცათამბჯენები თითქმის მთლიანად გამოიმუშავებენ მათთვის საჭირო ენერგიას. ამასთან, ამ მხრივ უფრო გამორჩეული „ფენი“ იქნება, რომელიც ჭარბ ენერგიას მომცრო „ჰუანს“ გადაუნაწილებს. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, „ფინიქს ტაუერსი“ ჭარბ ენერგიას ახლომდებარე შენობებსაც გაუზიარებს.
პროექტი ყველანაირად მზადაა იმისათვის, რომ ცათამბჯენების მშენებლობა დაიწყოს. ამ ეტაპზე, ის მწვანე შუქს ქალაქ ვუჰანის მერისგან ელს. დადბითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. მშენებლობა სამ წელს გაგრძელდება და დახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი დაჯდება.

No comments:

Post a Comment