Monday, September 1, 2014

ამერიკელმა მეცნიერებმა აკუსტიკით კიბოს უჯრედების გამოყოფა შეძლეს

MIT scientists create new method of sorting cells using sound waves
31 აგვისტო
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს ახალი ტექნიკა, რომელიც აკუსტიკური ტალღების გამოყენებით, უჯრედების განცალკევების საშუალებას იძლევა. ამ ტექნიკის გამოყენებით, მომავალში მედიკოსები პაციენტის სისხლში კიბოს იშვიათი უჯრედების განცალკევებას შეძლებენ.

ეს მეთოდი, კიბოს უჯრედების დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც ექიმებს კიბოს განვითარებამდე, ან პირველ სტადიაში დაფიქსირების საშუალებას მისცემს. მათ იმის პროგნოზირების საშუალებაც მიეცემათ, გავრცელდება თუ არა დაავადება მთელს ორგანიზმში. უჯრედების აკუსტიკური განცალკევების ტექნიკა, უჯრედების დახარისხების ახლანდელ მეთოდებზე გაცილებით სწრაფი, მარტივი და იაფი პროცედურაა. ამჟამად, უჯრედების გამოსაყოფად, ქიმიურ რეაქტივებს იყენებენ და უჯრედებზე მექანიკურად ზემოქმედებენ.
უჯრედების გამოყოფისთვის, მეცნიერებმა გამოიყენეს მიკროფლუიდური მოწყობილობა, რომელთანაც ორი ორი აკუსტიკური გარდამქმნელი დააკავშირეს. ესენი ბგერით ტალღებს, მიკროარხების ორივე მხარეს აგზავნიან. როდესაც ორი ბგერითი ტალღა ერთმანეთს ხვდება, წარმოქმნიან მდგარ ტალღას, რომელიც დაბალი წნევის ზოლს გამოიმუშავებს. ამ ზოლს უჯრედების მოძრაობის პარალელური განლაგება აქვს. უჯრედები, რომლებიც ამ ზოლს ეჯახებიან, არხის მიმართულებით გაირიყებიან. მათი გადაადგილების მანძილი, მათ ზომებსა და დრეკადობაზეა დამოკიდებული.
ასეთი პრინციპით მომუშავე მოწყობილობა ადრეც არსებობდა, მაგრამ მათში წნევის მხოლოდ ერთი ზოლი არსებობს, რის გამოც, მათში უჯრედები მცირე მანძილით გაირიყება. ახალ მოწყობილობაში კი ამ ნკლის გამოწსორება მარტივად, ხმოვანი სიგნალების დახრით ხდება. და როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი აღმოჩნდა სხვადასხვა ზომის უჯრედების დასაშორებლად. რაც მთავარია, ამ დროს ისინი მინიმალურადაც არ ზიანდება.
მეცნიერებმა თავიანთი მეთოდი უკვე გამოსცადეს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე, რომლებსაც MCF-7-ად მოიხსენიებენ და ლეიკოციტებზე. ამ ორი ტიპის უჯრედები ერთმანეთისგან ზომებით განსხვავებულია - MCF-7 უჯრედების დიამეტრი 20 მიკრომეტრია, ლეიკოციტებისა კი - 12. მათ სიმკვრივე და დრეკადობაც განსხვავებული აქვთ. ექსპერიმენტების დროს, კიბოს უჯრედების დაახლოებით 71 პროცენტის იდენტიფიცირება მოხდა.
ამ ეტაპზე, მეცნიერთა ჯგუფი, მის მიერ შემუშავებული მეთოდის დაპატენტებას აპირებს, რის შემდეგაც, ექსპერიმენტები სიმსივნით დაავადებული პაციენტების სისხლის სინჯებზე ჩატარდება, რათა დადგინდეს, რამდენად ეფექტურია მათი მეთოდი რეალურ სიტუაციებში. როგორც კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი სუბრა სურეში ამბობს, მათ მიერ შემუშავებულ ტექნიკას აქვს იმის რეალური პოტენციალი, რომ კიბოსთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად იქცეს.

No comments:

Post a Comment