Thursday, July 18, 2013

ავიაციის მომავალი EADS-ის ხედვით


EADS unveils its vision for the future of aviation
18 ივლისი
პარიზში ჩატარებული საერთაშორისო აეროს შოუს (ბურჟეს სახელით რომაა ცნობილი) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი იყო EADS-ის მიერ წარმოდგენილი კონცეპცია, რომელიც 2050 წლის ავიაციის ხედვას წარმოადგენს. კონცეპციიშ შემუშავებაში, EADS-თან ერთად, „როლს როისიც“ მონაწილეობდა, რომელმაც სპეციალისტებს საკუთარი კონცეპცია „E-თრასტიც“ გააცნო. ეს არის ჰიბრიდულ ელექტრული გამწევი სისტემა, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია საწვავის ხარჯის, გამონაბოლქვის და ხმაურის შემცირება. პარტნიორებმა „E-თრასტი“ ჩართეს საერთო კონცეპციაში, რომელსაც EADS-ი „eკონცეპტად“ მოიხსენიებს.

პროექტის ავტორები, თავიანთ კონცეპციას, სრულიად ელექტრული ავიაციისკენ გადადგმულ შუალედურ ნაბიჯს უწოდებენ. „E-თრასტი“ წარმოადგენს „განაწილებულ გამწევ“ სისტემას, რომელიც ფრთებზე განლაგებული რამდენიმე ელექტრო ვენტილატორისგან შედგება. ვენტილატორებს ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელსაც თავის მხრივ, ენერგიით გაზზე მომუშავე ენერგო ბლოკი ამარაგებს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კონცეპციის ავტორებმა მას ჰიბრიდული უწოდეს.


კომპანია „ერბასმა“, რომელიც EADS-ის (ევროპის აეროკოსმოსური და თავდაცვის კონცერნი) ჯუფში შედის, ჰიბრიდული ლაინერი „eკონცეპტი“ სწორედ „E-თრასტით“ აღჭურვა. ევროპულ ავიაკონცერნში მიაჩნიათ, რომ რამდენიმე რეაქტიული ძრავის გამოყენებას, ერთის გამოყენება სჯობს, რომელიც გამწევ ძალას კი არ შექმნის, არამედ გენერატორად იმუშავებს. მის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი იმ ვენტილატორებს აამუშავებს, რომლებიც თვითმფრინავს გამწევი ძალით უზრუნველყოფს. გარდა იმისა, რომ ასე საწვავი დაიზოგება, ასევე შესაძლებელი იქნება გამონაბოლქვი აირის გაფილტვრა. ამასთან, აგრეგატი ნაკლებად ხმაურიანიც იქნება.


„E-თრასტს“ კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს - თვითმფრინავის აფრენისთვის საჭირო დამატებითი ენერგიის შევსება ხმელეთზევე არის შესაძლებელი. ამისთვის კი განახლებადი, სუფთა წყაროს გამოყენება შეიძლება. გაზზე მომუშავე აგრეგატი მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა ლაინერი ჰაერში იქნება. ამ დროს კი თვითმფრინავს ნაკლები ენერგია სჭირდება. ამგვარად, იხსნება მძლავრი და დიდი ძრავების გამოყენების აუცილებლობა.


კრეისერული ფრენისას, გაზზე მომუშავე აგრეგატი უშუალოდ მიაწვდის ენერგიას ვენტილატორებს. პარალელურად, ენერგიას ივსებს ელემენტების ბლოკიც. ამ ენერგიას „eკონცეპტი“ დაჯდომისას, ან საგანგებო სიტუაციაში გამოიყენებს. დაშვების პროცესში, გაზის დანადგარი და ვენტოლატორები ითიშება და ლაინერი პლანირებას იწყებს. ამ დროს, ჰაერის ნაკადი ვენტილატორებს ატრიალებს, რომლებიც ამ დროს, გენერატორის მოვალეობას ასრულებენ. გაზის დანადგარი დაშვების პროცესში ისევ ამუშავდება.


თანამედროვე ორკონტურიან ტურბოვენტილატორულ ძრავებში, ჰაერის იმ მასაზე, რომელიც წვის კამერაში ხვდება, 12-ჯერ მეტი ჰაერი მოდის, რომელიც წვის კამერაში არ გაივლის და რომელსაც რეაქტირული დანადგარის ფრთები ჭირხნის. EADS ირწმუნება, რომ „E-თრასტში“ ეს სხვაობა მინიმუმ 20-ჯერ მეტია. ამგვარად, მცირდება საწვავის ხარჯიც, გამონაბოლქვიც და ხმაურიც. და რაც მთავარია, იზრდება გამწევი ძალა.


უფრო მეტიც, EADS-ის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ „E-თრასტის“ გამოყენება, თვითმფრინავის აგებულების დაპროექტებისას, ინჟინრებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. შესაძლებელია ფიუზელაჟის ისეთი ფორმების შემუშავება, რომლებიც ინჟინრებს წონის და ჰაერის წინააღმდეგობის შემცირების საშუალებას მისცემს. შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის ვერტიკალური გაბარიტის შემცირება და წონის უკეთ განაწილება.


სისტემა „E-თრასტი“ და „eკონცეპტი“ კარგად მიესადაგება ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ ავიაციის მომავლის ხედვას, რომლის შესაბამისადაც, 2050 წლის ავიაციაში 75 პროცენტით შემცირდება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა, 90 პროცენტით აზოტის ოქსიდების შემცველობა, 65 პროცენტით ხმაური.

No comments:

Post a Comment