Monday, January 5, 2015

„გრაფენანო“ - გრაფენის ძალიან ეფექტური პოლიმერული ელემენტი

Graphenano Graphene polymeric battery
5 იანვარი
შესაძლოა, საავტომობილო და ელექტრო აპარატურის მრეწველობა რევოლუციის წინაშეა - ესპანეთში შეიმუშავეს ახალი, გრაფენის პოლიმერული ლითიუმის ელემენტები, რომლებიც თანამედროვე ლითიუმ იონურ ელემენტებზე გაცილებით ტევადი, მსუბუქი და იაფია და ძალიან სწრაფადაც იმუხტება. თუ ამ ტიპის ელემენტების მასობრივი წარმოება დაინერგა (რამ უნდა შეუშალოს ხელი), მაშინ ელექტრომობილების მიერ შიდაწვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ჩანაცვლების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება.
ახალი მასალა ესპანურმა კომპანია „გრაფენანომ“ შეიმუშავა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი ტიპის ელემენტები ოთხჯერ მეტხანს მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივი ლითიუმ იონურები. გარდა ამისა, გრაფენს ელემენტები ჩვეულებრივზე ორჯერ მსუბუქია, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ გრაფენი ერთი ატომის სისქის მასალაა. ამასთან, ახალი ტიპის ელემენტების ფასი, ჩვეულებრივის ფასზე დაახლოებით 77 პროცენტით ნაკლებია.
ახალი ელემენტის შემუშავებაში მონაწილეობა კორდობას უნივერსიტეტის მკვლევარებმაც მიიღეს. მათი მცდელობით, ელემენტების ტევადობა, ჩვეულებრივთან შედარებით თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. მათი გამოყენების შემთხვევაში, ელექტრომობილების სვლის სიშორე საშუალოდ, 1000 კილომეტრამდე გაიზრდება. და რაც მთავარია, დამუხტვის დრო მხოლოდ 8 წუთი იქნება.
კომპანია „გრაფენანო“ ახალი ტიპის ელემენტების წარმოების დაწყებას წელს გეგმავს. ჯერაც დაუდასრურებელი ინფორმაციით, მისი ელემენტებით უკვე დაინტერესდა ოთხი გერმანული საავტომობილო კომპანია, რომლებიც ჯერ არ დაკონკრეტებულა. უფრო მეტიც, მათგან ორს უკვე დაწყებული აქვს გრაფენის ელემენტების ავტომობილებზე ტესტირება.
გრაფენი 21-ე საუკუნის მასალაა. ის პირველად 2004 წელს შეიმუშავეს. მისი სისქე, ქაღალდისაზე დაახლოებით მილიონჯერ თხელია. გრაფენი არის ნახშირბადის ატომებისგან შემდგარი ბოჭკოსებრი მასალა, რომლის კვადრატული მეტრის ფართობის ფურცელიც მხოლოდ 0.77 გრამს იწონის. ის არის გამჭვირვალე, დრეკადი, წყალგაუმტარი, არ აბინძურებს გარემოს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფოლადზე დაახლოებით 200-ჯერ მტკიცეა. გარდა ამისა, გრაფენი ზეგამტარიცაა - მისი გამტარობა, თანამედროვე კრემნიუმის ჩიპებისაზე დაახლოებით 100-ჯერ მეტია.
და ეს ამ მასალის ყველა თვისება არაა. ის კარგად ატარებს სითბოს, გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას და სხვა ნივთიერებების ატომებთან შეხამებით, თვისებებსაც იცვლის. მის დადებით თვისებათა შორისაა ისიც, რომ დაზიანების შემდეგ, ადვილად შეიძლება მისი აღდგენა. რამდენად გასაოცარიც უნდა იყოს, გრაფენის წარმოება არ ჯდება ძვირი.
მართალია, გრაფენის ელემენტები მისწრებაა ავტომობილებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით გამოუსადგარია ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის. ამის მიზეზი, მისი დაბალი სიმკვრივეა, რის გამოც, ელემენტი კომპაქტურობით არ გამოირჩევა. თუმცა, „გრაფენანოს“ და კორდობას უნივერსიტეტის სპეციალისტები უკვე მუშაობენ ელემენტების ზომების შემცირებაზე. თუ ისინი მიზანს მიაღწევენ, მაშინ ტელეფონებში ისეთი ელემენტებით აღიჭურვება, რომელთა დამუხტვასაც სულ რამდენიმე წამი ეყოფა.

No comments:

Post a Comment