Monday, November 4, 2013

„ლოკჰიდ მარტინი“ „SR-71 ბლექბერდის“ შემცვლელზე მუშაობს

Lockheed Martin developing successor to the SR-71 Blackbird
4 ნოემბერი
„ლოკჰიდ მარტინმა“ შორსმფრენი და ძალიან სწრაფი (სიჩქარე მახ 3-ს აღწევდა) მზვერავი თვითმფრინავის, „SR-71  ბლექბერდის“ (შავი ჩიტი) წარმოება 1998 წელს შეწყვიტა. ამ საინტერესო აგებულების და გარეგნობის მქონე თვითმფრინავის წარმოება სამ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 32 ცალი დამზადდა.
ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანიის შვილობილი „სკანკ უორკსი“ მუშაობს „შავი ჩიტის“ შემცვლელის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი და მანევრული იქნება. ახალი თვითმფრინავს უკვე მოიხსენიებენ SR-72-ად. ეს უნდა იყოს ჰიპერბგერითი თვითმფრინავი, რომლის სიჩქარემაც მახ 6-ს უნდა მიაღწიოს.
„SR-71  ბლექბერდი“ ამერიკას 1966-1998 წლებში ემსახურებოდა. ყველა თვითმფრინავი, „ლოკჰიდმა“ შავად შეღება. მათი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება კი ისაა, რომ ფიუზელაჟი თითქმის მთლიანად ტიტანისა აქვს. „SR-71  ბლექბერდის“ ფრენის ჭერი 24 000 მეტრია და ამ სიმაღლეზე მას 5 400 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ თვითმფრინავს მტრის (საბჭოთა კავშირის) ნებისმიერ რაკეტასა და ჭურვზე სწრაფად ფრენა შეეძლო. საინტერესო ფაქტი: „შავი ჩიტის“ სიმტკიცე დროთა განმავლობაში იზრდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, მაღალ სიჩქარეზე ფრენისას, ტიტანის ფიუზელაჟი ისე ხურდებოდა, რომ წრთობას განიცდიდა.
SR-71-ს ბევრი რეკორდი აქვს დამყარებული. მაგალითად, ფრენისას 25 929 მეტრ სიმაღლეს მიაღწია. ეს რეკორდ ახლაც ამ თვითმფრინავს ეკუთვნის. 1976 წლის 1 ოქტომბერს, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების „SR-71 ბლექბერდმა“ ნიუ იორკიდან ლონდონამდე ფრენა 1 საათში, 54 წუთსა და 56.4 წამში დაასრულა. ამ ფრენისას მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ 3.2 მახს (3920 კმ/სთ) მიაღწია. ეს ორივე მაჩვენებელიც დღემდე მიუღწეველია.
აღსანიშნავია, რომ „შავი ჩიტი“ თავისი ექსპლუატაციის ბოლომდე ახერხებდა რეკორდების დამყარებას. მაგალითად, 32 ეგზემპლარიდან ერთს 1990 წელს ადგილი სმიტსონიანის ინსტიტუტის მუზეუმში მიუჩინეს. და სანამ მუზეუმის ექსპონატი გახდებოდა, ლოს ანჯელესიდან ცინცინატიმდე (შტატი ოჰაიო) ფრენისას, სიჩქარის ოთხი რეკორდი დაამყარა. ამის შემდეგ, „შავი ჩიტი“ ცოტა ხნით დააბრუნეს სამსახურში, თუმცა მალევე „პენსიაში“ გაუშვეს.
„შავი ჩიტის“ ჰიპერბგერითი შემცვლელის წარმოების იდეა წლების განმავლობაში მუსირებდა. ახლახანს კი „ლოკჰიდმა“ SR-72-ზე მუშაობა დაიწყო. ოღონდ, ეს იქნება უპილოტო თვითმფრინავი და მას ორჯერ მეტი სიჩქარე - მახ 6 (7 350 კმ/სთ) ექნება. რაც მთავარია, SR-72 არამხოლოდ სადაზვერვო, არამედ საბრძოლო თვითმფრინავიც იქნება. „ლოკჰიდ მარტინის“ ჰიპერბგერითი პროგრამების მენეჯერის, ბრედ ლილენდის თქმით, ასეთ სწრაფ აპარატზე დამაგრებული, ასევე ჰიპერბგერითი ჭურვების დახმარებით, სამიზნის განადგურება, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, მაქსიმუმ ერთ საათში იქნება შესაძლებელი. ასეთი იარაღის მფლობელს კი, შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინაშე გადამწყვეტი უპირატესობა მიეცემა. ის ისევე შეცვლის საჰაერო ბრძოლებს, როგორც ცოტა ხნის წინ ეს სტელსის ტიპის თვითმფრინავებმა შეძლეს.
ლილენდის თქმით, მახ 6 პლატფორმა არამხოლოდ იმითაა მომგებიანი, რომ მოწინაღმდეგეს საპასუხო დარტყმისთვის დროს თითქმის არ დაუტოვებს, არამედ იმთაც, რომ მას ჰიპერბგერითი ჭურვების ჰაერიდან გაშვების უნარი ექნება და ამიტომ, ამ ჭურვების სპეციალურ ამაჩქარებელ რაკეტებთან მიბმის საჭიროება აღმოიფხვრება.
SR-71  ბლექბერდი
„ლოკჰიდი“ აცხადებს, რომ SR-72-ს ასეთ დიდ სიჩქარეს, ტურბინაზე ბაზირებული, კომბინირებული ციკლის ამძრავი განაპირობებს. სხვათა შორის, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილ საჩვენებელ აპარატს, სატესტო ფრენებისას მახ 20 (24 501 კმ/სთ) სიჩქარე აქვს აკრეფილი. SR-72-ის წყვილი ძრავიდან თითოეული, ფაქტობრივად ორი სხვადასხვა ტიპის ძრავის ტანდემს წარმოადგენს, რომლებსაც კომბინირებული შემშვები და საქშენი აქვს, რომლებიც ორ განსხვავებულ ძრავთანაა დაკავშირებული. ამგვარად, მნიშვნელოვნად მცირდება ჰაერის წინააღმდეგობა.
SR-71  ბლექბერდი
ზედა ძრავი ტურბინის მოვალეობას ასრულებს და სწორედ ის ამოძრავებს SR-72-ს, როცა ის ასაფრენი ბილიკიდან აიჭრება ჰაერში. მისივე დახმარებით, თვითმფრინავი მახ 3 სიჩქარეს აღწევს. შემდეგ მუშაობას იწყებს ორ რეჟიმიანი რემჯეტი (შემხვედრი ჰაერის წნევით მომუშავე რეაქტიული ძრავი), რომელიც ტანდემის ქვეშაა მოთავსებული. მისი დახმარებით, აპარატის სიჩქარე მახ 6-ს აღწევს. ასეთი ტანდემური რეაქტიული სისტემის შესამუშავებლად, „ლოკჰიდმა“ ამ საქმეში გაწაფულ კომპანია „აეროჯეტ როკეტდაინთან“ ერთად, შვიდი წლის წინ დაიწყო მუშაობა.

ლილენდი ამბობს, რომ SR-72-ის შესაქმნელად, ახალი ტექნოლოგიების შემუშავება საჭირო არაა და ირწმუნება, რომ ამ ტიპის საცდელი აპარატის საჩვენებელი ფრენა 2018 წლამდე შესრულდება. მისი წარმოების დაწყება კი 2030 წლამდე იქნება შესაძლებელი. საჩვენებელი პროტოტიპი დაახლოებით F-22-ის ზომის, ერთძრავიანი იქნება და ის მახ 6 სიჩქარით რამდენიმე წუთით ფრენას შესძლებს.

No comments:

Post a Comment