Monday, September 9, 2013

კოსმოსური ტურიზმის ეპოქა ახლოვდება

SpaceShipTwo sets new altitude, speed record
9 სექტემბერი
ავიაკოსმოსურ კომპანია „ვირჯინ გალაქტიკის“ კოსმოსურმა ხომალდმა „სპეისშიპთუმ“ (SS2) რაკეტული ძრავით მეორე სატესტო ფრენა შეასრულა, რომლის დროსაც საკუთარი ორი რეკორდ გააუმჯობესა - ერთი ფრენის სიჩქარესა და მეორე - ფრენის სიმაღლეში. როგორც წესი, სასტერტო პოზიციაზე ჰაერში SS2 მისმა მზიდმა თვითმფრინავმა - „უაითნაითთუმ“ (WK2) აიყვანა, რომელმაც თავის ტვირთთან ერთად, სტარტი „ვირჯინ გალაქტიკის“ კუთვნილ, მოხავეს აეროკოსმოდრომიდან აიღო, რომელიც მოხავეს უდაბნოში (შტატი კალიფორნია) მდებარეობს.
„ვირჯინ გალაქტიკის“ განცხადებით, ტურისტულ კოსმომფრენს პირველად ჩაუტარდა სრულფასოვანი ტესტი, რომლის დროსაც, მისი ყველა ძირითადი კომპონენტი გამოსცადეს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ატმოსფეროში დაბრუნების „ბუმბულისებრი“ მექანიზმი, რომელსაც დიდ სიმაღლეზე მუშაობა უწევს და ხომალდის უსაფრთხო მუშაობის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო კომპონენტია.
როგორც მისიის სტრუქტურა ითვალისწინებს, ხომალდი SS2 ჰაერში WK2-მა აიყვანა. როდესაც ტანდემმა 14 000 მეტრ სიმაღლეს მიაღწია, „უაითნაითთუმ“ თავისი პილონებიდან გაათავისუფლა „სპეისშიპთუ“, რომელმაც რამდენიმე წამში სარაკეტო ძრავი ჩართო და 20 წამი მისი დახმარებით იფრინა. ამ დროს მაქსიმალურმა სიჩქარემ 1.43 მახს (1 752 კმ/სთ-ს) მიაღწია, ფრენის მაქსიმალურ სიმაღლედ კი 21 000 მეტრი დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია, პილოტმა (ბუმბულისებრი) დაშვების სისტემა ჩართო. ამ სისტემის მუშაობისას, ხომალდის კუდის სექცია ვერტიკალურ მდგომარეობას იკავებს, სიჩქარის შემცირება კი შატლის პრინციპით ხდება. დაშვების პროცესმა ძრავების გარეშე ჩაიარა და კოსმომფრენი მოხავეს აეროპორტში დაჯდა.
„ამაზე მეტად გახარებულები ვერ ვიქნებით. ჩვენ კიდევ ერთი ზებგერითი სატესტო ფრენა შევასრულეთ, რამაც კომერციულ ტურისტულ ფრენების 2014 წელს დაწყებასთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ძალიან საინტერესო იყო ამ ელეგანტური სისტემის გამართული მუშაობის თავიდან ბოლომდე ცქერა, განსაკუთრებით კი ატმოსფეროში ბუმბულისებრი შემოსვლა“, - განაცხადა „ვირჯინ გალაქტიკის“ დამაარსებელმა, სერ რიჩარდ ბრენსონმა.

„სპეისშიპთუც“ და „უაითნაითთუც“ მთლიანად კომპოზიციური მასალებისგანაა დამზადებული. მზიდ თვითმფრინავს „ვირჯინ გალაქტიკის“ მთავარი პილოტი დეივ მაკაი მართავდა, რომელსაც ასისტენტობას „ვირჯინ გალაქტიკის“ პარტნიორი კომპანია „სქელდ კომპოზიტსის“ მაიკ ოლსბური და ამავე კომპანიის სატესტო ფრენების ინჯინერი სკოტ გლეიზერი უწევდნენ. „სპეისშიპთუს“ პილოტობის პატივი კი „სქელდ კომპოზიტსის“ პილოტებს, მარკ სტაცკის და კლინტ ნიკოლს ხვდათ.
„სპეისშიპთუ“ ჰიბრიდული სარაკეტო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სარაკეტო მყარ საწვავს და დამჟანგავად აზოტის ოქსიდს იყენებს. აიროვანი დამჟანგავი იმის საშუალებას იძლევა, რომ ძრავი საჭიროებისამებრ გამოირთოს, რაც შეუძლებელი არის ჩვეულებრივ სარაკეტო ძრავებში. კოსმომფრენი დაახლოებით ბიზნეს კლასის რეაქტიულ თვითმფრინავ „ფალკონ 900-ის“ ზომისაა, თუმცა შიგნიდან უფრო ფართოა, რადგან არ გააჩნია ინტერიერის გემბანი. ხომალდს პილოტების გარდა, სუბორბიტული ვოიაჟისას, ექვსი ტურისტის გადაყვანა შეუძლია. ფრენს პიკზე, ტურისტებს ჩვენი პლანეტის კოსმოსის მიჯნიდან დანახვა შეუძლიათ და ისინი რამდენემე წუთს უწონადობაში გაატარებენ. გარდა ამისა, როგორც „ვირჯინ გალაქტიკი“ აცხადებს, შესაძლებელი იქნება დაბალ ორბიტაზე მიკრო სატელიტების გაშვება და საექსპერიმენტო ტექნოლოგიების ატანა.
SS2-ის და WK2-ის ოპერირებას „ვირჯინ გალაქტიკი“ განახორციელებს, რომელსაც ბრენსონის ჯგუფ „ვირჯინის“ გარდა, აბუ დაბის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) საინვესტიციო კომპანია „ააბარი“ ფლობს. კოსმომფრენს და მის მზიდ თვითმფრინავს კი ამერიკული კომპანია „სქელდ კომპოზიტსი“ აწარმოებს, რომელიც სახელოვან კოსმო და ავიაკონსტრუქტორ ბერტ რუტანს ეკუთვნის.

No comments:

Post a Comment