Sunday, August 4, 2013

შანჰაი ტაუერი - ჩინეთის უმაღლესი ცათამბჯენი


China tallest building, Shanghai Tower, gets final beam
4 აგვისტო
ჩინეთს ახალი უმაღლესი შენობა აქვს - შანჰაი ტაუერი (სახელიდან გასაგებია, სადაც აღიმართა) ჯერ დამთავრებული არაა, თუმცა მისი ტანი მთლიანად აშენდა და რაც აშენდა, მან უკვე მოიპოვა ეს საპატიო წოდება. თუმცა, ალბათ ცოტა ხნით, რადგან მალე მას სიმაღლეში სკაი სიტი გაასწრებს, რომლის მშენებლობაც ქალაქ ჩანგშაში (სამხრეთ ჩინეთის პროვინცია ჰუნანი) უკვე დაწყებულია.

3 აგვსტოს შანჰაი ტაუერის ზედა ნაწილში, ფოლადის ბოლო კონსტრუქცია დამონტაჟდა, რითაც ცათამბჯენის ძირითადი ტანის ამოყვანა დასრულდა. ამჟამდ მისი სიმაღლე 600 მეტრია, მაგრამ როცა მთლიანად დასრულდება და ანტენა დაედგმება, 632 მეტრამდე გაიზრდება. ამგვარად, ის მსოფლიოში მეორე უმაღლესი ცათამბჯენი იქნება დუბაის ბურჟ ხალიფას (829 მეტრი) შემდეგ.


შანჰაი ტაუერი ქალაქის ფინანსურ და სავაჭრო რაიონ ლუძიაჟუიში, შანჰაის ორ სიმბოლოს - შანჰაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და ძინ მაო ტაუერის სიახლოვეს შენდება. სამივე ცათამბჯენი, მსოფლიოს უმაღლეს შენობათა სიაშია. მართალია, ბურჟ ხალიფას თითქმის 200 მეტრით ჩამორჩება, მაგრამ სამაგიეროდ, ჩინეთის ტერიტორიაზე უმაღლეს ტაიპეი 101-ს (კუნძულ ტაივანზე, ქალაქ ტაიპეიში მდებარეობს. ეს კუნძული ერთ დროს ჩინეთის ნაწილი იყო, თუმცა ამჟამად ცალკე სახელმწიფოა და ოფიციალურად, ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიება) 128 მეტრით სჯობნის.


შანჰაის კოშკი ამერიკულმა კომპანია „გენსლერმა“ დააპროექტა. მშენებლობის ღირებულება 2.4 მილიარდი დოლარი ჯდება. უმაღლესი წერტილი, სადაც ადამიანს ცხოვრების, ან საქმიანობის საშუალება ექნება, 561 მეტრის სიმაღლეზე იქნება. სართულების რიცხვია 128, პლუს მიწისქვეშა 5 სართლი. შენობას სულ 106 ლიფტი მოემსახურება, რომელთაგან ყველაზე სწრაფის მაქსიმალური სიჩქარე, წამში 18 მეტრია. საერთო ჯამში, შანჰაი ტაუერს 420 000 კვადრატული მეტრი სასარგებლო ფართი ექნება, ლუქს კლასის სასტუმრო ნომრების რაოდენობა 320-ს მიაღწევს, ავდოსადგომზე ადგილების რიცხვი კი - 1800-ს. მშენებლობას, ცათამბჯენის მომავალი მფლობელი, კომპანია „შანჰაი ტაუერ კონსტრაქშნ ენდ დეველოპმენტ“ ახორციელებს.


აღსანიშნავია, რომ შარშან, მშენებლობის მახლობლად, გრუნტში ბზარები აღმოაჩინეს, რამაც მიწის დაწევის საშიშროება შექმნა. თუმცა შანჰაი ტაუერის ერთ-ერთმა უფროსმა არქიტექტორმა დინ ძიემინმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მშენებლობის პერიოდში წარმოიქმნა და ის ცათამბჯენს ხიფათს ვერ შეუქმნის. ექსპერტთა მიერ გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, მშენებლობა განახლდა.

No comments:

Post a Comment