Thursday, August 15, 2013

ელონ მასკი ზესწრაფი მილებით მგზავრობას გვთავაზობს


Elon Musk gives us the goods on Hyperloop
15 აგვისტო
სახელი ელონ მასკი თუ არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ ის არის სამხრეთ აფრიკაში დაბადებული და ამერიკაში მცხოვრები გამომგონებელი, ბიზნესმენი და ინვესტორი მილიარდერი, რომელმაც თანადააფუძნა „პეიპალი“, „ტესლა მოტორსი“ და კერძო კოსმოსური ხომალდების კომპანია „სპეისX“, ასევე კომპანია „სოლარ სიტის“ თავმჯდომარე. მაგრამ 42 წლის ბიზნესმენი ამ ყველაფერს არ სჯერდება და ახალ, ერთობ დაუჯერებელ ბიზნესს იწყებს, რომლის გეგმაც 15 აგვისტოს წარმოადგინა.
პროექტის სახელია „ჰაიპერლუპ“ (ჰიპერმარყუჟი) და ის სახმელეთო ტრანსპორტის ახალ სახეობას - მილებით მგზავრობას გვთავაზობს. ეს უნდა გახდეს რკინიგზაზე გაცილებით სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური საშუალება. უფრო კონკრეტულად კი, „ჰაიპერლუპის“ მეშვეობით, ლოს ანჯელესიდან სან ფრანცისკომდე მანძილის (563 კილომეტრი) ნახევარ საათში გავლა იქნება შესაძლებელი. ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე კი 1127 კმ/სთ-ს მიაღწევს.
პროექტი ითვალისწინებს სამგზავრო მილსადენის აშენებას, რომელშიც გაუხშოებულ სივრცეში, შეკუმშული აირის დახმარებით, ალუმინისგან დამზადებული სამგზავრო კაპსულები იმოძრავებს. კაპსულები ელექტრული ტურბინებით აღიჭურვება, რომლებსაც ენერგიით მილსადენის ზედა ნაწილში განლაგებული მზის ელემენტები მოამარაგებს. ტურბინის დანიშნულება, კაპსულის წინ არსებული ხვრელიდან ჰაერის შეწოვაა, რომელიც შემდგომში, კაპსულის საყრდენი დაფების ქვეშ არსებული ხვრელებიდან, მაღალი წნევით გამოიდევნება. ასე შეიქმნება ამწევი ძალა და კაპსულა ერთგვარად ჰაერში „ჩამოეკიდება“ - წარმოიქმნება მაგნიტური ლევიტაციის ეფექტი, რითაც მოძრაობისას კაპსულას მილის ზედაპირთან ხახუნი მინიმუმამდე იქნება შემცირებული.
კაპსულის გადაადგილებას, მილში განლაგებული წრფივი ასინქრონული ძრავების სისტემა უზრუნველყოფს, რომლებიც კაპსულის უკან მაღალი წნევის შექმნას უზრუნველყოფს. მაგრამ იგივე წნევა ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება უკან მომავალი კაპსულისთვის. თუმცა, კაპსულის წინ მომუშავე ტურბინა, თავისი ძირითადი დანიშნულების გარდა, ჰაერის წნევის შემცირებასაც მოემსახურება.
„ჰაიპერლუპის“ მილები შეიძლება განლაგდეს როგორც მიწის ზევით, ასევე მიწის ქვეშაც. მისი ერთ-ერთი დადებითი თვისება ისიცაა, რომ ამინდი ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება. მოდულები, რომლებშიც რამდენიმე კაპსულა გაერთიანდება, სადგურიდან ნახევარ წუთში ერთხელ გავა. ეს ნიშნავს, რომ მოდულებს შორის მინიმუმ რვაკილომეტრიანი მუდმივი ინტერვალი იქნება შენარჩუნებული. პროექტის შესაბამისად, ერთი მიმართულებით მგზავრობა დაახლოებით 20 დოლარი დაჯდება.
პროექტის ღირებულება, თუ მილსადენის დანიშნულება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანა იქნება, 6 მილიარდი დოლარია. თუ მისი ტვირთების (მათ შორის ავტომობილებისას კი) ტრანსპორტირებისთვის გამოყენებაც იქნება გათვალისწინებული, მაშინ „ჰაიპერლუპის“ აგება 10 მილიარდი დაჯდება. მასკი ამბობს, რომ „ჰაიპერლუპი“ შესანიშნავი ალტერნატივაა ზესწრაფი რკინიგზისა, რომლის სისტემის მშენებლობაც შტატ კალიფორნიაში იგეგმება და რომლის მშენებლობაც 70 მილიარდი დოლარი დაჯდება.
მასკი გვპირდება, რომ „ჰაიპერლუპის“ სადემონსტრაციო პროტოტიპი ოთხ წელიწადში იქნება მზად.

No comments:

Post a Comment